სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა
სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
ჰაკათონში სტარტაპმა CIRCULOUS გაიმარჯვა და მას სააგენტოსგან ინოვაციური პროექტის განვითარებისთვის 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
ჰაკათონის მიზანი იყო საქართველოში გარემოს დაცვის სექტორში გამოწვევების გამოვლენა, მათი გადაწყვეტის პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონში 60-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. ფინალში საკონკურსო კომისიამ 19 პროექტი განიხილა.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: Tegeta Green Planet, Westless, ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია (CERMA), Luxon Power, Esco-S, PMCG, Eco-life Consulting Group. მათ რჩეულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
გამარჯვებული პროექტის ავტორებმა კომპანიებისგან შეთავაზებები მიიღეს სამომავლო თანამშრომლობისა და ჰაკათონის დროს შექმნილი პროექტების ტესტირებისა და პრაქტიკაში დანერგვის შესახებ.
სხვა სიახლეები
საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
15.10.2026.12:26
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროვებს:
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.
ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:
ხილ-ბოსტნეული;
რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:
მძიმე მეტალები;
ნიტრატები;
მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).