სგპ სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 4560 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე, რომელსაც აღნიშნული ქმედება განმეორებით ჰქონდა ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
10.06.2026.15:42
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის" შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.
„ორივე მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული შეთანხმება უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთვის, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის ფარგლებში დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. შეთანხმებაში მსოფლიო ბანკთან ერთად მონაწილეობენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.