სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით ,,კოკაინი" აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი" აღმოაჩინეს.
თურქეთის მოქალაქეს 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" ტანსაცმლის ჯიბეში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
17.09.2026.16:46
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა, ასევე 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.
„ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, ასევე რეგისტრაციის ვადების შესახებ. ისაუბრა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება.
ცესკოს თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, საერთო ჯამში, 5000 -ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია და ისაუბრა ცესკოს ახალი ვებგვერდის, disinfo.cec.gov.ge-ს, შესახებ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.
შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.