სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 500 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ერთ-ერთ სამართალდამრღვევ მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობები სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ სიჩქარის გადაცემათა კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 144 376 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის l ავთანდილ კასრაძე
17.06.2026.16:17
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის CUnicorn -ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.
„უნივერსიტეტები ინოვაციების ბუნებრივი ეპიცენტრებია - ადგილი, სადაც ცოდნა იდეად გარდაიქმნება, ხოლო იდეა - ბიზნესად. სწორედ ამიტომ, CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის”, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.
CUnicorn-ის პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე მეექვსედ ტარდება და აერთიანებს ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვატორებსა და დამწყებ სტარტაპებს, რომელთაც საკუთარი იდეების განვითარება სურთ.
დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები: Opti, Flexi, Hatch, Kan-Guroo, Kere, StudOrga, SwipeSights და AI Sakhli. პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები ჟიურის, ინდუსტრიის ექსპერტებს, ინვესტორებს, პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. დემო დღის დასასრულს გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა: 1-ელი ადგილი Opti-მ დაიკავა, მე-2 ადგილი - Flexi-მ, მე-3 ადგილი - Kere-მ. სამივე გუნდი კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.