შალვა პაპუაშვილი საშობაო წირვას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები წმ. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრნენ.
საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.
საშობაო წირვის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაული მიულოცა და ყურადღება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა.
„სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას! სიყვარული და სიკეთე ყოფილიყოს ყველას გულში, ყველას ოჯახში, ყველა ქვეყანაში. ეს დღე გვახსენებს , თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული არის უკვდავი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, მშვიდობის მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ ყველა ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რამდენად უფსკრულის პირზე დგას სამყარო იმ ომებით, რომელიც დღეს მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უნდა ჰქონდეს ყველას გაცნობიერებული, თუ რამდენად მოსაფრთხილებელია მშვიდობა და რამდენად ახლოსა არასტაბილურობა, რომელიც, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება გადაიზარდოს იმ უბედურებად, რომელიც ჩვენს რეგიონში ტრიალებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია, რომ ომები, რომლებიც მიმდინარეობს დასრულდეს, დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დაისადგუროს მშვიდობამ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.