შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პორტუგალიისა და პალაუს დროშებით მცურავი გემები 100-100 ათასი ლარით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემები სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 100-100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.
შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 81 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 15 სამართალდარღვევა. მათ შორის 6 გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
05.10.2026.14:29
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.