„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც - ინგა ფხალაძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტების მიმდინარეობის და მათი არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ორი პროექტი, რომლებიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელების მოწყობას და დალაგებას მოიაზრებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი - საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს გულისხმობს და რომელსაც შემდგომ ლოგიკურად მოყვა მეორე, მასშტაბური „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის პარტნიორობით.
„რასაკვირველია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ძალიან სერიოზულ პერსპექტივას უხსნის ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობის მხრივ - რაც, გეოგრაფიული მონაცემებით, არ გაგვაჩნია. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ საქართველო თავისი ძალიან სერიოზული ადგილმდებარეობით პოტენციურად შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. შესაბამისად, პროექტმა გამოიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ძალიან დიდი ინტერესი და 2022 წლის დეკემბერში საფუძველი ჩაეყარა მეორე, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტს. მათი განხორციელების შემთხვევაში საქართველო გაიმყარებს არამხოლოდ საკუთარ ენერგო დამოუკიდებლობას და უსაფრთხოების სტატუსს, არამედ ევროპასაც შესძენს ენერგო უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა - 525 კვ, ხოლო სიმძლავრე - 1300 მგვტ. ინგა ფხალაძის ინფორმაციით, უკვე გაკეთებულია ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ცნობილი იტალიური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროექტი ტექნიკურად აბსოლუტურად მიზანშეწონილია. ახლა კი პროექტი ზღვის ფსკერის ტექნიკურ გამოკვლევის ფაზაზე გადადის, რაც გულისხმობს გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას.
„ტექნიკური დავალების შემუშავება 2026 წელს დასრულდება და 2027 წელს უკვე დაიწყება მისი განხორციელება. უნდა, აღინიშნოს, რომ პროექტისთვის ევროკავშირში უკვე ვართ სტატუსის მინიჭების კანდიდატები, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2026 წლის დასაწყისში. სტატუსის მონიჭება გულისხმობს ძალიან სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებაში საგრანტო კომპონენტი შემოვა. მთლიანად წყალქვეშა კაბელი 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო ღირებულების პროექტია", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
რაც შეეხება „მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს", მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს კიდევ უფრო მსხვილი პროექტია, რომელიც მოიცავს 4,000 მგვტ სიმძლავრის სამ კაბელს. პროექტის ფარგლებში ოთხივე ქვეყნის ჩართულობით ფუნქციონირებს ერთობლივი საწარმო. ინგა ფხალაძის პროგნოზით, 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის დამთავრდება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანგარიშის მომზადება, რომელზეც ასევე იტალიური კომპანია CESI მუშაობს. 2027 წლის ბოლოსთვის ზღვის ფსკერის შესწავლაა დაგეგმილი.
„მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკის დერეფანში ელექტრო კაბელის გარდა მოვიაზრებთ წყალბადის მილის ჩადებასაც, რაც შესწავლის ფაზაშია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც ასევე დიდ შესაძლებლობას იძლევა წყალბადის საწარმოებლად. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია მწვანე წყალბადის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ელექტრო კაბელების საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრულია 10 -12 მლრდ ევრო, დაახლოებით ასეთივეა წყალბადის კაბელის ღირებულებაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ პროექტების მიმართ ძალიან დიდია დაინტერესება კერძო სექტორიდან და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი, მათ შორის პროექტის ინფრასტრუქტურულ კომპონენტში. ამასთან, როგორც ინგა ფხალაძე აღნიშნავს, ენერგეტიკა ძალიან დინამიურად განვითარებადი სექტორია და მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანას სიმძლავრეების მატების გეგმა აქვს, იქ აუცილებლად იყოს ქსელის და ინფრასტრუქტურის გაძლიერება-გაფართოებაც, რის გარეშეც მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება.
„ჩვენი ხედვა ასეთია - უნისონში უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიის დახვეწა 10-წლიანი ხედვით, ასევე იმის გაანგარიშება, თუ რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ სექტორში სიმძლავრეების დამატება ფიზიკურად მოხდეს და ქვეყანას შესაძლებლობა მიეცეს, რომ გახდეს განახლებადი ენერგიების ნეტო-ექსპორტიორი ევროპის მიმართულებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.