შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმება მიმდინარეობს
საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - გურიასა და აჭარაში - ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან.
ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის ინფორმირებისა და საწარმოო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს, ხვდება დაინტერესებულ მხარეებს და უახლეს ინფორმაციას აწვდის მათ.
შედეგად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.