შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით.
ჩარიცხვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგებისა და თითოეულ პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის გათვალისწინებით, აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პროგრამათა რეიტინგულ სიაში. სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში. კერძოდ, შეცვალოს პრიორიტეტები, დაამატოს სრულიად ახალი საბაკალავრო თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რითაც იზრდება ჩარიცხვის შანსი.
აღნიშნული მიდგომა არახალია და წლებია ამ პრინციპით ხდება აბიტურიენტთა ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აქვე შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს აქვს საშუალება, თავის პირად გვერდზე, რეიტინგულ სიაში შეუზღუდავად შეიტანოს საგანმანათლებლო პროგრამები, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ ერთს, ან რამდენიმე პროგრამას ირჩევს, რაც ავტომატურად ამცირებს ჩარიცხვის შანსებს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ დროს, იმისდა მიუხედავად, რომ აბიტურიენტს თითოეული საგნისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახული აქვს, ის ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე.
გაცნობებთ, რომ 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან:
• 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
• 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო;
• 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
NAEC-ის რეკომენდაციაა, რომ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება – როდესაც მათი შედეგები, კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო, არასაკმარისია ჩარიცხვისთვის, მათ უნდა მიუთითონ ცნობარის ჩამონათვალში არსებული სხვა პროგრამები, რაც ზრდის ჩარიცხვის შანსებს.
რაც შეეხება უნივერსიტეტებში სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლას, გაცნობებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმამდე არსებული მოდელი ყოველთვის უკავშირდებოდა აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ საუკეთესო შედეგებს. სწორედ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების საფუძველზე და მათ პროპორციულად მოიპოვებდა სტუდენტი სახელმწიფოსგან გრანტს – 50%, 70% და 100%-ის ოდენობით. 2013-2025 წლებში აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი 100%-ის ოდენობით ჩარიცხულ აბიტურიენტთა 2.90%-
დან 3.84%-მდე მერყეობდა.
მიმდინარე რეფორმის შედეგად 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან:
• საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო - 17862 (52.30%)
• პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო - 1322 (3.87%)
• ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო - 1495 (4.38%)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციულად უზრუნველყო ქვეყნის მასშტაბით ერთიანი, ობიექტური და გამჭვირვალე საგამოცდო პროცესის ორგანიზება და მოქმედი წესებისა და წინასწარ განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით აბიტურიენტთა ჩარიცხვა.
ცენტრი მოუწოდებს კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.