შემოსავლების სამსახურის განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“ და განმარტავს, რომ 2026 წლის 8 მაისის მდგომარეობით, ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,024,624.66 ლარის ოდენობით.
აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებულ იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), თუმცა მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია.
2026 წლის 9 იანვარს, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს, მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.
https://rs.ge/NewsArchive?newsId=1689
საინკასო დავალებების გაუქმების მოთხოვნით გადამხდელმა, ასევე წარმოადგინა განცხადებები მიმდინარე წლის შემდეგ თარიღებში: 30 იანვარს, 9 თებერვალს, 6 მარტს, 10 მარტს, 23 მარტს. გადამხდელის მოთხოვნები შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და შესაბამისად, არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.