შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით და მისგან მალულად გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
დადგინდა, რომ ლიეტუვის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი „ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო მაკარონის ნაწარმით, რომელიც მოთავსებული იყო ჰერმეტულ შეკვრებში. საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას სლოვაკეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.
რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
უფლებამოსილი პირების მიერ, ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების, ბელორუსული წარმოების 37 800 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის - ,,NZ" და ,,MINSK".
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 177 660 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
სხვა სიახლეები
მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით - J.P. Morgan-ის წარმომადგენელი
18.09.2026.17:40
„მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად", - ამის შესახებ J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განაცხადა.
J.P. Morgan-ის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელება და მსგავსი შეხვედრების ყოველწლიურ ტრადიციად ქცევა სურთ.
„საქართველოს ეროვნული ბანკი საოცარი მასპინძელი და პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამის გაგრძელებას, რათა მომავალში ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ", - განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის , მათ შორის პოლონეთის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, თურქეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.