შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ალექსანდრე ლუაშვილი უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა.
იგი ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ - 2015-2018 წლებში, მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018-2025 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი. 2025-2026 წლებში, იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას.
მიხეილ მაღლაკელიძემ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ბუბუტეიშვილი, ასევე საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები - გიორგი ახვლედიანი, ნუგზარ წულიკიძე, შოთა კაკაბაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
სხვა სიახლეები
არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი
16.09.2026.20:13
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.
მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.
„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.