შემოსავლების სამსახურის წარმატებული პროექტი ,,e-გეზი“ 1 წლის გახდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ,,ციფრული საბაჟოს“ კონცეფციის ფარგლებში, განხორციელებილი პროექტი - ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი“ უკვე 1 წლის გახდა. საბაჟო სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება, გულისხმობს ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას.
,,e-გეზი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მოუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით, ელექტრონულად განახორციელონ ტვირთის გაფორმების პროცედურები. ამასთან, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი/შეღავათიანი საფასურებია დადგენილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ,,e-გეზი“-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ, სულ დარეგისტრირებულია 117 454 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს. ,,e-გეზი“-ის კონცეფცია მნიშვნელოვნად ამცირებს გადასახადის გადამხდელთა დროს, ფინანსებს და რაც ყველაზე მთავარია ახდენს მომხმარებელთა რიგების განტვირთვას, საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დისტანციური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, დაგეგმილია მრავალი ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.