შემოვიტანეთ სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს ბუფეტებზე - გიორგი ამილახვარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სასკოლო კვებაზე ისაუბრა.
„ავამოქმედეთ ბრძანება, დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი - სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ამილახვარის განცხადებით პრობლემა არ არის ფინანსებში, პრობლემა დგას საკვების ხელმისაწვდომობაში:
„ფიზიკურად არის სკოლები, სადაც ბუფეტი არ არის და სამწუხაროდ, არც სკოლების გარეთ არ არის არანაირი საკვები ობიექტი. თუმცა, ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, სადაც არის ბუფეტი, მაგრამ სამწუხაროდ, იქაც იყო გარკვეული ხარვეზები ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის იმ პროდუქტების დაშვებაში, რომელიც, არ მინდა სიტყვა აკრძალულია გამოვიყენო, მაგრამ მოზარდისთვის არასასურველია.
მშობელთა კავშირისა და სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მათი უკუკავშირის სრულად გათვალისწინებით დავამტკიცეთ ახალი ბრძანება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობასთან და ყველა უწყებასთან არის გავლილი და გათვალისწინებულია მათი რეკომენდაციები. ჩვენ ავამოქმედეთ ეს ბრძანება, ბუნებრივია, გარკვეული გონივრული ვადა დასჭირდება ამ ბრძანების სრულად ამოქმედებას იმისთვის, რომ დაცული იყოს ჰიგიენა. აკრძალულია ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვლილია ბრძანებაში. დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი - სასკოლო მონიტორინგი, კერძოდ, ამ კუთხით, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე. ეს ადმინისტრირებული იქნება თვითონ სკოლის მხრიდან, თუ შესაძლოა გაქირავებულიც იყოს და ბუფეტში სხვა გარე ბენეფიციარი ახორციელებდეს მენეჯმენტს. ამიტომ, ამ კუთხით შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, იქ, სადაც უკვე ბუფეტები არის სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური, სურსათის უვნებლობის, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმებიც ინერგება“,-განაცხადა ამილახვარმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.