შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ საკმაოდ მოხშირდა - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სააგენტოში გახშირდა შეტყობინებები, რომლებიც ცხოველების მხრიდან აგრესიის გამოვლენისა და დაკბენის ფაქტებს ეხება.
ამის შესახებ კობიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ ჩვენთან საკმაოდ მოხშირდა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში მეპატრონეები გასეირნების წესებს არ იცავენ, რაც საკრებულოს მიერაა დადგენილი.
ჩვენი სააგენტოს ეკიპაჟები, თანამშრომლები ყოველდღიურად სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილდებიან, გასეირნების წესების და რეგისტრაციის მონიტორინგს ახდენენ.
სამწუხარო ფაქტია ის, რომ ხშირ შემთხვევაში სკვერებში ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური სივრცე არსებობს და ასეთი სივრცეები ცარიელია, ძაღლებს მიმდებარე ტერიტორიებზე საბმელის და ალიკაპის გარეშე ასეირნებენ, რაც პირდაპირ წესების დარღვევაა.
მოგეხსენებათ, წესების მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი გაასეირნოს ალიკაპით და საბმელით, ან მხოლოდ მოკლე ალიკაპით. ეს გათვალისწინებულია დილის 07:00 და 23:00 საათამდე.
სპეციალურ სივრცეში მეპატრონეს შეუძლია, საკუთარი ცხოველი ალიკაპის და საბმელის გარეშე გაასეირნოს. ხშირ შემთხვევაში ამ წესების დარღვევის შემდეგ აგრესიის გამოვლენა, ასევე, ადამიანის ან თუნდაც სხვა ცხოველის დაკბენა ხდება. ასე რომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს წესები დავიცვათ, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანების, ისე ცხოველების უსაფრთხოება.
გამომდინარე იქიდან, რომ მიუსაფარი ცხოველები გაცილებით მეტნი არიან, ქუჩებში გაცილებით თავისუფლად გადაადგილდებიან, რა თქმა უნდა, მიუსაფარი ცხოველების მხრიდან გამოვლენილ აგრესიის ფაქტებზე ან დაკბენებზე გაცილებით მეტი შეტყობინებაა.
მიმდინარე წელს, მარტის ჩათვლით დაკბენა- დაკაწვრა- დადორბვლაზე 300-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული. აქ იგულისხმება ფაქტები, რომელიც ვლინდება როგორც მიუსაფარი ძაღლების, ისე პატრონიანების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.
მისივე თქმით, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.
„ზემოთ აღნიშნულ წესებს არეგულირებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი, სადაც ცხოველების მოვლა-პატრონობის და გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმაა გათვალისწინებული. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში “შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე” მუშაობა მიმდინარეობს.
ასევე მუშაობა მიდის აღნიშნული 103-ე მუხლში ცვლილებებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მალე იქნება შეტანილი და ვფიქრობ, ვითარებას დადებითისკენ შეცვლის. ჩვენ მეტად შეგვეძლება კანონის აღსრულება, მოქალაქეებს პასუხისმგებლობას ავუმაღლებთ. ინფორმაციას გადავცემთ, რომ აუცილებელია, როცა ძაღლი გარეთ გამოგყავს, ელემენტარული წესები დაიცვა იმისთვის, რომ სხვა ცხოველები და ადამიანები უფრო მეტად დაცულები იყვნენ“, - აცხადებს გიორგი კობიაშვილი .
მისივე თქმით, ახლა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ” მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა- პატრონობის წესის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 8 ლარია.
ასევე, 20 -ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული გასეირნების წესების დარღვევისთვის.
„მაგალითად, თუ ადამიანს არ ჰყავს დარეგისტრირებული ცხოველი, ჩიპი თუ არ უკეთია, ან სპეციალური მაიდენტიფიცირებული საშუალება არ აქვს, 8 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ექვემდებარება. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული ცვლილება იქნება, წესების დარღვევისთვის გაცილებით მაღალი სანქციები იქნება”, – განაცხადა კობიაშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.