შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.
ადგილზე უკვე დასრულდა გარე განათების ქსელის მონტაჟი, ასევე მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები, უახლოეს პერიოდში კი შუქნიშნებიც დამონტაჟდება. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და მოწესრიგდა.
„სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პირველ რიგში, სრულად განვაახლეთ მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე მიმდინარეობს გამზირის მოასფალტება. სამუშაოები სრულდება ტროტუარებზეც და ხდება ფილებით მოპირკეთება. დამონტაჟდა განათების ბოძებიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. პროექტი თვის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზი, კომფორტული და თითოეულ ადამიანზე მორგებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამ ეტაპზე რუსთველის გამზირზე იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.