შვეულმფრენს, რომელიც შოვში სამაშველო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას შეკეთება ესაჭიროება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენს შეკეთება ესაჭიროება, რაშიც სახელმწიფო 586501.3 ლარს დახარჯავს. როგორც სახემწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენი, საქარხნო № 95487, ბორტი GBP-10009, იღებდა მონაწილეობას ონის რაიონში (შოვი) მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მომხდარი სტიქიის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.
ონის რაიონიდან (შოვი) დაბრუნების შემდეგ, კუდა ხრახნის მილისას, ნახაზის №246-3904-000 სერია „01“, საქარხნო №МХ0010031B ღერძულა სახსრის (წითელი) შემამჭიდროებელი რეზინიდან შეინიშნება ზეთის ჟონვა, რაც გამოიწვევს შვეულმფრენის GBP-10009 გაჩერებას გაურკვეველი ვადით.
აღნიშნული საფრენი აპარატით ხორციელდება: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები. აქედან გამომდინარე საფრენი აპარატის გაჩერება გამოიწვევს სსდ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროებას წარმოადგენს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გავაფორმოთ ხელშეკრულება შპს "ავიასერვისი"-სთან 1 (ერთი) კომპლექტი კუდა ხრახნის (246-3904-000 სერია „01“, ლოპოტებით 246-3925-00) შესყიდვაზე, (საგარანტიო ვადა 12/05/2024 მდე ან 300 სამუშაო საათი, რომელიც უფრო ადრე დადგება, მოწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე), ღირებულებით 586,501.30 ლარი.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს 1 სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენისათვის (ბორტი GBP 10009) 1 (ერთი) კომპლექტი კუდა ხრახნის (246-3904-000 სერია „01“, ლოპოტებით 246-3925-00) სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე“, - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი ახორციელებს საჰაერო უშიშროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპლექსური ამოცანების შესრულებას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, აღნიშნული შესყიდვა ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ხასიათს, ასევე იმისთვის, რომ საავიაციო ტექნიკა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, შემცირდეს ინციდენტების და საავიაციო შემთხვევების მოხდენის რისკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია-მოვალეობების სრულყოფილად შესრულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სრულყოფილად და ეფექტურად დაცვის მიზნით აუცილებელია ვერტმფრენი დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეყვანილ იქნას მზადყოფნაში და სხვა საფრენ აპარატებთან ერთად კომპლექსურად უზრუნველყოს დავალებების შესრულება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.