სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
„დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი. თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სითიქომის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო
14.08.2026.10:58
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სითიქომის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
საჩივარი შპს „ოლსერვისგრუპის“ მხრიდან კანონის 11(3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა.
საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე მისი ინფრასტრუქტურის ხარჯზე ახორციელებდა საქმიანობას, კერძოდ კი მის ერთ-ერთი მისამართზე დაამონტაჟა სისტემა,დააზიანა მომჩივნის აპარატურა, რაც საბოლოოდ ხელს უშლიდა მომჩივანს კომერციული საქმიანობის განხორციელებაში და საფრთხეს უქმნიდა ჯანსაღ კონკურენციას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და
შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2 საჩივრის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა, 8 საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო 3 საჩივარი განუხილველად დატოვა. ამასთან, 2-საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაშვებობის შემოწმების საქმისწარმოება.