„სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა
სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუდმივად აკვირდებიან დედაქალაქში არებულ სიტუაციას, მოძრაობის ნაკადებს, პრობლემურ მონაკვეეთებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ის გამოწვევები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობა იყო, შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის არ იყო მოწესრიგებული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაიწყო სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია. სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების მოძრაობას კვლავ დააკვირდებიან.
მერის თქმით, გადაადგილების ახალი სქემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება გაეცნობა ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მერიის გვერდზეა განთავსებული.
სხვა სიახლეები
არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი
16.09.2026.20:13
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.
მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.
„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.