სიცრუეა თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო - გიორგი წერეთელი
„სრული სიცრუეა თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია. პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ და ყველა პროცესი, მათ შორის, პროექტის, სამუშაოების და ზედამხედველობის შესყიდვა, ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით,“- განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა რიკოთის მონაკვეთზე ბოლო დროს განვითარებული მეწყრული პროცესისა და ქვათაცვენის შესახებ საუბრისას.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, რომელიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 52 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ორჯერ აიკრძალა, მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა. რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები კი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, იტალიური კომპანიების, მათ შორის, „აიარდის“ მიერ არის მომზადებული.
„ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“-განაცხადა წერეთელმა.
გიორგი წერეთელმა, აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია. თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს.
„პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“ - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.