სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპროექტო კომპანიებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CapDev) ფარგლებში, სააგენტოს, საპროექტო კომპანიების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
გერმანელმა სპეციალისტებმა სააგენტოს, საპროექტო კომპანიების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ინსტიტუციურ, ტექნოლოგიურ და მეთოდოლოგიურ გადაწყვეტებზე იმსჯელეს. განიხილეს უწყებებს შორის არსებული კოორდინაცია და გაუმჯობესების გზები, ასევე ინსტიტუციურ დონეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მთავარი გამოწვევები და კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის საერთო პრიორიტეტები განსაზღვრეს.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემაში როლების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ერთობლივი აღქმის ხელშეწყობას.
პროექტი, „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (LCIP)“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაო პროცესს საკონსულტაციო კომპანია „Thomas Stellmach Planning and Architecture” წარმართავს.
სხვა სიახლეები
განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი - გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი
10.07.2026.10:50
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.
კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.
„დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში“, - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.
გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.