სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
კომისიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში არსებული ბუნებრივი გაზის აბონენტების უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგების მიზნით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების გაწევას იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც ახორციელებდა შპს „მამედი“.
სხვა სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
31.07.2026.18:01
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.
აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.