სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივ გაზს უწყვეტად მიიღებს - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„„შპს “მამედის” სალიცენზიო არეალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილ-აჯლო.
კომისია განმარტავს, რომ შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზს მიიღებენ უწყვეტად.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სემეკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად ბოლო ვადად განისაზღვრა 2026 წლის 24 ივლისი, ხოლო სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2026 წლის 24 სექტემბერი.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: www.gnerc.org
გაზგამანაწილებელი კომპანიის “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა.
შპს “მამედი” არ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას, რამაც გამოიწვია ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამასთანავე, შპს „მამედის“ სალიცენზიო არეალში (სოფელი ყიზილ-აჯლო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სემეკის მიერ დადგენილია 47 თეთრიანი ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით).
მიუხედავად ამისა, შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი ეკოსისტემა, სადაც ინოვაციური იდეები სწრაფად გადაიქცევა კონკურენტუნარიან ტექნოლოგიურ კომპანიებად - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:51
“500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის Demo Day კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება”. - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიებზე განაცხადა.
GITA-ს თავმჯდომარემ აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით პროგრამა ქართველ და რეგიონულ დამფუძნებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის მენტორობა, დახვეწონ ბიზნესმოდელები და დაუკავშირდნენ ინვესტორებსა და გლობალურ ბაზრებს.
“ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი ეკოსისტემა, სადაც ინოვაციური იდეები სწრაფად გადაიქცევა კონკურენტუნარიან ტექნოლოგიურ კომპანიებად” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
500 Global-ის ინიციატივით, GITA-თან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, უკვე მეათედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა. აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობა განსხვავებული პროფილის მქონე ცხრა სტარტაპმა მიიღო.
დემო დღის ფარგლებში პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს საკუთარი ბიზნესიდეები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო განვითარების ხედვა წარუდგინეს. ღონისძიება მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ.
500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში სტარტაპებმა იმუშავეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან, გაიარეს ინტენსიური სასწავლო მოდულები, მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და დახვეწეს საკუთარი ბიზნესმოდელები, რათა უფრო კონკურენტუნარიანები გამხდარიყვნენ, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე.
2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება.