სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს.
სემეკში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, შპს „მამედის“ სალიცენზიო არეალში (სოფელი ყიზილ-აჯლო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სემეკის მიერ დადგენილია 47 თეთრიანი ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული ტარიფი სრულად მოიცავს სოციალური გაზის ღირებულებას (36.7 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), აგრეთვე ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ხარჯს.
მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში სოციალური გაზის ღირებულება სრულად არის ასახული, თუმცა შპს „მამედი“ არ ეთანხმება სოციალური გაზის შესასყიდ ფასს, არ იხდის დაგროვილ დავალიანებას, რამაც გამოიწვია შპს „მამედისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავს სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.
სხვა სიახლეები
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ
29.07.2026.20:55
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების 20 წარმომადგენელი ეწვია. ინფო ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
ტურის მონაწილეებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ტექნოჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომლის კონცეფცია თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
ქუთაისსა და იმერეთის მხარეში ინფო ტურის მონაწილეები ადგილობრივ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან. მიღებული ინფორმაცია მათ მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის შეთავაზებაში.