სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგროდაზღვევის განვითარება ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებზეც ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ - დავით სონღულაშვილი
ეკონომიკური ფორუმი „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.
ფორუმის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, აგრარული პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
მისასალმებელ სიტყვაში დავით სონღულაშვილმა საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე, დარგის ეკონომიკური და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისა და სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი შედეგიანი იქნება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგროდაზღვევის განვითარება ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებზეც ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ ქართული აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანად გამოვიყენოთ მისი პოტენციალი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ფორუმის პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე, საინვესტიციო გარემოს განვითარებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფაზე, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერებაზე, აგრეთვე აგროდაზღვევისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.
დისკუსიაში დავით სონღულაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმაა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ქვეყნის წინაშე არსებულ აქტუალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მსგავსი ფორმატი უმნიშვნელოვანესია აგრო სექტორის განვითარებისთვის - გიორგი სვანიძე
21.10.2026.09:37
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 32-ე დისკუსია „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე.
დისკუსიის „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობებზე. განხილვის მნიშვნელოვანი მიმართულებები იყო აგრობიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და სექტორის მდგრადი განვითარების პერსპექტივები.
„მე ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია, ესეთი ფორუმები აგრო სექტორის განვითარებისთვის. თქვენ დღეს ნახეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები იყო გავლილი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ აგრო სექტორის და ნებისმიერი აგრო დარგის განვითარებისთვის ესეთი ფორუმები უმნიშვნელოვანესია, როგორც ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ასევე გაციფრულება აგრო სექტორის, რომელიც შემდგომ ფერმერებს უფრო გაუადვილდება მისი პლანტაციის და ბაღის მოვლა, პროდუქციის აღრიცხვა, წარმოება და ა.შ. აგრეთვე, სამინისტროს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, თვითონ იმ პროექტების და პროგრამების, რაც დღეს არსებობს საქართველოში, „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველო“, ხელისშეწყობა, ის გრანტები, რაც დღეს ფერმერებს ეხებათ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის და დიდ როლს თამაშობს“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - თეგეტა ჰოლდინგი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, ალდაგი, ტასჰაბი, Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი