სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი დაათვალიერეს.
„ქუთაისის ლაბორატორიაში ცოფის დაავადების კვლევის მეთოდის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები. აღნიშნული კვლევის დანერგვით უფრო დაჩქარდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ცოფის დაავადების როგორც კონტროლზე, ასევე, დიაგნოსტიკაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსა და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.