სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მომზადების საკითხები, საინვესტიციო პრიორიტეტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და განთავსებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საუბარი ასევე შეეხო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ინსტიტუციური მზაობისა და გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობას.
„სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს პროექტის სათანადო მომზადებას და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მონაწილეობით, გაფორმდა საგრანტო დაფინანსების შეთანხმება პროექტის - „წყლის მიწოდების სისტემის, წყალარინების, გამონაჟონი წყლისა და სახიფათო ნარჩენების“ მოსამზადებლად. გრანტი გაიცემა მსოფლიო ბანკის მიერ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან
29.10.2026.13:47
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით გააჩნია. დეზინფორმაცია - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, დეზინფორმაციის გავლენის, სანდო ინფორმაციის გადამოწმებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა, ასევე იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საარჩევნო კულტურის განვითარებაში, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში.
„სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშრებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს,”- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საარჩევნო საკითხებზე კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.