მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი - გივი მიქანაძე

news image
mbc image

სამი თვის წინ დავიწყე პროექტი „მინისტრის შეხვედრა მშობლებთან“ და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. 

მისი თქმით, იყო წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა სხვა კლასებიც.

„ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი ფორმის ტარების კულტურას. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ. 

წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში გაიხსნება. ყველაფერი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება. 

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მაქსიმალურად გვეხმარებიან”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა სასკოლო ფორმების ქსოვილის შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმა იქნება მაღალი ხარისხის. ქსოვილის შესახებ არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განსაკუთრებით პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა პოლიესტერის გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან შერეული შესაბამისი კონცენტრაციები, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ფორმას მოქნილობას ანიჭებს და მის ცვეთადობას ამცირებს. ყველა ფორმას - იქნება ეს პიჯაკი, შარვალი თუ ქვედაბოლო - აქვს ანტიალერგიული სარჩული.

ზუსტად დღეს, თქვენთან სტუმრობამდე, მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება. რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება, შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე ჩვეთან შეფასდება ხარისხობრივი თვალსაზრისით.

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - აღნიშნა მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

22.11.2026.12:50

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცლეებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,,24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.
საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20 კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენში მიერთების ( შეჭრის) სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.
ამასთან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
გარდა ამისა, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით აღვნიშნავთ, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების მასშტაბური სამუშაოები, რაც აუცილებელ ტექნიკურ ღონისძიებებს საჭიროებს. აღნიშნული სამუშაოები აჭარის რეგიონში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
სამუშაოების დასრულება ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და სტაბილურ მიწოდებას, გაზსადენის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება. მილსადენები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით ააშენა. პროექტები გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მიზანი ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდა და მეტი დასახლების გაზიფიცირების ხელშეწყობაა.
მსგავსი მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის პროექტების განხორციელება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას არ გულისხმობს. პროცესს წინ უძღვის კომპლექსური ტექნიკური მომზადება, საინჟინრო გადაწყვეტების დამუშავება და შესაბამისი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სამუშაოების თარიღი განისაზღვრა აუცილებელი ტექნიკური და მოსამზადებელი პროცესების გათვალისწინებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა