სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:
„საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2)
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო,
ქრისტე იშვა!
ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,- უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - „ვის მიერადაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა“! (იოანე 1.3). „გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამეთუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა … მაცხოვარი” (ლუკა II, 10-11).
ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენს სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, მწუხარებასა და ტკივილს.
მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი, როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს.
მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი, თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან, თითქმის მისგან განდგომილნი?
* * *
ჩვენ უფლის განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ.
გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, - უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები ... ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.
მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს შეიყვაროს იგი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ღმერთმა იგი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.
ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს - სათნოებებს და ხარობდა ამით.
როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო. სინამდვილეში კი, ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე.
ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა.
ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად - ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად - უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ.
ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა ,,მე”-მ დაიკავა.
ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, - ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა.
ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.
ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.
ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, - „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, ... როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13.34).
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, - გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას.
„მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე 10,9) - გვასწავლის იესო ქრისტე.
* * *
დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ. ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.
ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).
ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა ... ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების.
* * *
დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა ... მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ - მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.
უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი, ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10).
წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.
ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.
ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, - ხორციელი, უკვდავი, - მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.
მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, - მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.
* * *
„ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია: თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თვისი საკვირველი ნათლისკენ გიხმოთ“ (I პეტრე, 2,9).
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს შეცოდებანნი ჩვენნი და შეგვაძლებინოს, პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენს ერზე, თითოეულ თქვენგანზე და ჭეშმარიტების გზით მავალ ყველა ადამიანზე გაცხადდეს.
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი.
კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.
კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა დაე, მოიცვას და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად, გავემართოთ ბეთლემისაკენ, ანთებული სანთლებით მივეახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ ..., ღმერთი ჩემი ხარ შენ, და აღგამაღლო შენ; ღმერთი ჩემი ხარ შენ, აღგიარო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ“ (ფსალმუნნი 117,23,29).
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი 2024-2025წ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.