სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს საქართველოში, რომელიც შექმნილია საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათა შორის შეთანხმების საფუძველზე.
პროექტის მთავარი მიზანია ფრანგული განათლების სტანდარტის შემოტანა, რაც გულისხმობს: ევროპული
ხარისხის სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო დიპლომების მიღების საშუალებას, სტუდენტებისთვის საფრანგეთში მობილობის შესაძლებლობას. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი, ცენტრის წარმომადგენლები, ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის კოორდინატორი ევა ბერტრანი, კამპუს ფრანს საქართველოს ხელმძღვანელი ნათია მსხალაძე, აგრეთვე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები: კოლეჯი „აისი“-ს დირექტორის მოადგილე დავით პაპიაშვილი, კოლეჯი „ოპიზარი“-ს დირექტორი
მერი სახამბერიძე და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ხარისხის მართვის სპეციალისტი ნანა ბატიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ცენტრსა და ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტს შორის, ასევე პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის ვეტერინარიის პროგრამის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების გაძლიერებას, კოლეჯების შესაძლებლობების განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
შეხვედრა წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ინიცირებულ პროცესს, რომლის მიზანია ერთიანი პლატფორმის შექმნა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად და დარგობრივი განვითარების ხელშესაწყობად. ამავე დღეს, ცენტრის ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და სსიპ კოლეჯ „ოპიზარს“ შორის.
მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და კოლეჯს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით კოლეჯის შესაძლებლობების განვითარება, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი გაძლიერებას საქართველოში.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.