“სტარტაპ აკადემია” - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს ახალ პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამას “სტარტაპ აკადემია”, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად ჩატარდება. სააგენტო პროგრამის მონაწილეების შესარჩევად განაცხადების მიღებას აცხადებს.
პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეთა ჩართვა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, მათი სამეწარმეო და პრაქტიკული უნარების განვითარება და ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა. სტარტაპ აკადემია ქმნის შესაძლებლობას მათთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონია შეხება სტარტაპთან და აძლევს მათ შანსს, ჩაერთონ ეკოსისტემაში, იმუშაონ გუნდებში და მიიღონ მხარდაჭერა მენტორებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან.
პროგრამა აერთიანებს ონლაინ სწავლების მოქნილ ფორმატსა და რეგიონებში გამართულ ფიზიკურ, გუნდურ სამუშაო შეხვედრებს, რაც მონაწილეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
3 თვის განმავლობაში მონაწილეები სიღრმისეულად შეისწავლიან პრობლემის იდენტიფიცირებასა და იდეის გენერირებას; გუნდის ფორმირებას; მომხმარებლის კვლევასა და იდეის ვალიდაციას; პირველადი პროდუქტის შექმნას; ბიზნესმოდელსა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიას; AI ინსტრუმენტების გამოყენებას; საჯაროდ გამოსვლის და საკუთარი იდეების წარდგენის უნარებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 16 წელს ზემოთ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://apps.mygita.ge/zs/kKtqql
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.