სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში - ლევან ჟორჟოლიანი
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
GCCA-მა „გორგიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა
27.08.2026.11:09
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გორგიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, კერძოდ, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადასტურა.
საქმის შესწავლის შედეგად, ცალსახად გამოიკვეთა მოვაჭრის მხრიდან შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც მომხმარებლებისთვის მათი კანონიერი უფლებების, განსაკუთრებით კი კანონისმიერი გარანტიით სარგებლობის თაობაზე მცდარი და ორაზროვანი წარმოდგენის შექმნაში გამოიხატებოდა.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში იყო და ორწლიან სავალდებულო გარანტიას ითვალისწინებდა, ინდივიდუალური კომუნიკაციისას და საგარანტიო ტალონებში საქონელზე მხოლოდ ერთწლიანი გარანტია იყო მითითებული, რომელიც, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული დეტალით, მაგალითად, მხოლოდ ძრავით, იზღუდებოდა. ასევე, ქარხნული წუნის შემთხვევაში საქონლის შეცვლის უფლება 14 კალენდარული დღით იყო შეზღუდული, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა ატარებს ილუზორულ ხასიათს, რაც მომხმარებლებს უქმნის მცდარ წარმოდგენას მათი უფლებების დაცვის ვადის შესახებ.
მოვაჭრის ქმედება, რომელიც მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კანონისმიერი დაცვის ვადა მხოლოდ ერთი წელია, შესაძლოა, მას ისეთი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდეს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაციის გარეშე არ მიიღებდა.
შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, დადასტურდა შპს „გორგიას“ მხრიდან კანონით დადგენილი ინფორმაციის მკაფიოდ, გასაგებად, უტყუარად და სრულად მიწოდების ვალდებულების დარღვევისა და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „გორგიას“ დაევალა, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლების სათანადო ინფორმირება კანონისმიერი გარანტიის შესახებ, შეწყვიტოს შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა და სავაჭრო პოლიტიკა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.