სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის შემადგენელი, სტეფანწმინდის შემოსავლითი გზის (მშენებლობის პირველი ეტაპი) რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთი E117 ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის ნაწილია და სტეფანწმინდა-გველეთის მშენებარე მონაკვეთს შეუერთდება.
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი 4.13 კმ-იანი გზისა და 3 ახალი ხიდის მშენებლობა.
არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი გზა კი, რომელიც დაბა სტეფანწმინდას შემოუვლის, გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს, რაც უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებზე სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეული ზემოქმედების თავიდან აცილებას.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის 9 კმ-იანი გვირაბისა და სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა.
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 143 862 240 ლარს შეადგენს.
სატენდერო წინადადებების მიღება 2027 წლის 06 იანვარს დაიწყება და 11 იანვარს დასრულდება.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=710000&lang=ge
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.