სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა | დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
რთული ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით კი სოფლებში ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
სტიქიის ზონაში ჩავიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარეებმა შექმნეს პრობლემა კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ექვსში. განსაკუთრებული იყო პრობლემათა რაოდენობა გურჯაანში, ლაგოდეხსა და ყვარელში. ჩვენ ყველა პრობლემის საქმის კურსში ვართ. იქ, სადაც შეიძლებოდა მყისიერი რეაგირება, ჩართული ვართ და ვახორციელებთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. სადაც წყლის დონე არ გვაძლევდა აღნიშნულის საშუალებას, როგორც კი დაიკლებს წყლის დონე, ჩვენ შევაფასებთ აუცილებლად იქ მოცემულობას და დავიგეგმებით, როგორც სალიკვიდაციო, ასევე, საპრევენციო სამუშაოებზე“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
სხვა სიახლეები
13.07.2026.00:04
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა l რევაზ სოხაძე
12.07.2026.18:02
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით 100 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ხევის სათავეების მიმართულებით.
„აქტიურად მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ისე საპრევენციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 100 ერთეული ტექნიკა. ვიმყოფებოდით ხევის სათავეებშიც, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განვიხილეთ როგორც უახლოეს დღეებში გადასაწყვეტი საკითხები, ისე ის ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და პარალელურად დაიგეგმოს ისეთი პრევენციული სამუშაოები, რომლებიც მომავალში მსგავსი რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას დამბებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი გაუმართაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2022 წელს ჩატარდა და მათ მიმდინარე სტიქიის დროს თავისი ფუნქცია შეასრულეს. მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები უახლოეს დღეებში დეტალურად შეისწავლიან სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მომხდარი პროცესები დამბების მდგომარეობას არ უკავშირდება.
რევაზ სოხაძის თქმით, ოპერატიული შტაბი იმსჯელებს სტიქიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იმ გარემოებებზეც, რომლებიც დამატებით შესწავლასა და შესაბამის გადაწყვეტილებებს საჭიროებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს რეაგირება იქნება ყველა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება კანონდარღვევა ან მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი გარემოება.