სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილ სამართალმცოდნეს, სტუ-ის პროფესორ შენგელი ფიცხელაურს, იუბილესა და ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მინიჭებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამორჩეულ მკვლევარს, სადისერტაციო საბჭოს წევრს, ცნობილ სამართალმცოდნეს, ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მრავალი სტუდენტის აღმზრდელს, ღირსების ორდენის კავალერსა და „საბრძოლო დამსახურებისთვის“ მედლის მფლობელს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სპორტსმენს, გენერალ-მაიორ, პროფესორ შენგელი ფიცხელაურს 80 წლის იუბილეს და ძიუდოში ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო საკვალიფიკაციო ხარისხის - მე-8 დანის მინიჭებას ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ქართული ძიუდოს ერთ-ერთ პიონერსა და ლეგენდას, ევროპისა და მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს, პროფესორ შენგელი ფიცხელაურს პრესტიჟული ჯილდო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტის მარიუს ვიზერის სახელით, IJF-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) პრეზიდენტმა, დოქტორმა ლასლო ტოთმა გადასცა. ლეგენდარული სპორტსმენის დაჯილდოება მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი შენგელი ფიცხელაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უაღრესად პრესტიჟული და ელიტარული ხარისხი მიენიჭა.
„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროფესორ შენგელი ფიცხელაურის განსაკუთრებულ ღვაწლს. ბატონი შენგელი მრავალწლიანი აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ქართული ძიუდოს ცოცხალი ლეგენდაა. ის საერთაშორისო კლასის სპორტსმენი, მწვრთნელი და სპორტის ორგანიზატორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართული ძიუდოს განვითარებასა და მისთვის საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვებას. სწორედ ამ გამორჩეული ღვაწლის, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ბრწყინვალე შედეგებისა და ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარებაა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მისთვის გადაცემული უაღრესად საპატიო ჯილდო. პროფესორი შენგელი ფიცხელაური მე-8 დანის მფლობელი პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა!
ბატონი შენგელი ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენელია. ცნობილ სამართალმცოდნეს, გამორჩეულ მეცნიერსა და პედაგოგს თავისი პროფესიონალიზმით და მდიდარი გამოცდილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაძლიერებასა და ახალი თაობების აღზრდაში. მისი მრავალწლიანი საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთი სტუდენტისა და ახალგაზრდა იურისტისთვის პროფესიონალიზმისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითია.
ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ბატონ შენგელი ფიცხელაურს 80 წლის იუბილესა და უდიდეს საერთაშორისო აღიარებას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ წარმატებას როგორც აკადემიურ, ისე სპორტულ, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში“, - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.