სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით და სამეცნიერო წარმატებებს, ახალი თაობების აღზრდისა და ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში კვლავაც აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.
მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონო ელგუჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების სახელით გილოცავთ 80 წლის იუბილეს!
დღევანდელი დღე ჩვენთვის არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ სამეცნიერო, სამხედრო-საინჟინრო და სახელმწიფოებრივი გზისთვის, რომელიც თქვენ განვლეთ და რომლის თითოეული ეტაპი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარების ისტორიასთან არის დაკავშირებული.
ქართველი მეცნიერისა და სამხედრო მოღვაწის, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გენერალ-მაიორისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის სახელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიამაყით უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ საინჟინრო სკოლას, რომელსაც დღემდე ემსახურებით.
1999 წლის 23 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გასვლა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი გაშლისა და გამოცდების დასრულების შემდეგ, 28 ივლისს, ობიექტის ორბიტაზე გადასვლამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მასშტაბი, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენ მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული პროფესიული სკოლა ფლობდა.
თქვენი მოღვაწეობის შეფასებისას შეუძლებელია არ აღინიშნოს ის სახელმწიფოებრივი აღიარება, რომელიც სხვადასხვა წლებში დაიმსახურეთ. თქვენ ხართ უმაღლესი სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; დაჯილდოებული ხართ ღირსების ორდენით საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნისა და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის; ხართ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედლის მფლობელი კოსმოსურ მექანიკაში მიღწევებისთვის, აგრეთვე მედლების - „შრომითი მამაცობისათვის“ და „საბრძოლო დამსახურებისათვის“ , ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის კავალერი. თქვენი დამსახურება აღნიშნულია ცხრა საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციის მედლითაც.
თქვენი ღვაწლის აღიარებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს - საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა. თქვენ ხართ მცხეთის, თბილისის და ბათუმის საპატიო მოქალაქე. ეს ტიტულები გამოხატავენ ნდობასა და პატივისცემას, რომელსაც საზოგადოება იმ ადამიანების მიმართ ავლენს, ვინც საკუთარი ცოდნა და სიცოცხლის საუკეთესო წლები ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელსაც, რომელიც თქვენ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის გადმოგეცათ.
ბატონო ელგუჯა, თქვენმა საქმიანობამ გვაჩვენა, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია შექმნას დიდი სამეცნიერო კონცეფცია, განახორციელოს რთული ტექნოლოგიური პროექტი და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი აკადემიური საზოგადოების წევრია ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული კოსმოსური ტექნიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია თქვენი გამოცდილება, თქვენი მეცნიერული ხედვა და ის დამოკიდებულება, რომლითაც ყოველთვის ემსახურებოდით ახალგაზრდა თაობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებას.
ბატონო ელგუჯა, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს საქართველოსა და ქართული მეცნიერების სამსახურში“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვის ტექსტში.
სხვა სიახლეები
მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს
20.08.2026.14:33
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან ზაუტაშვილთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობაც დაათვალიერა და სამუშაოების პროგრესსა და ტემპს გაეცნო.
ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება და სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
„ასევე შევაფასეთ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი. გვაქვს იმედი, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.
მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.