სტუ-ის რექტორი - ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის - ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის არჩევას ულოცავს.
რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ სულიერ მისიას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებდა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად გამორჩევას, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რამეთუ საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სულიერიერების, კულტურული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მთლიანობის საყრდენია.
თქვენი უწმინდესობის მწყემსთმთავრობა აღიქმება როგორც უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე მისია, რომელიც მოითხოვს ღრმა სულიერ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თანადგომას, სიმტკიცესა და ქრისტიანულ სიყვარულს. თანამედროვე ეპოქაში, როცა მსოფლიო მრავალი გამოწვევის დაძლევას ცდილობს, როცა ვდგავართ სულიერი გაუცხოებისა და ადამიანური ღირებულებების დაკნინების საფრთხის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და განმანათლებლური როლი. გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მსახურება დაფუძნებული იქნება სწორედ იმ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანობა, თანალმობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას თქვენს ურთულეს გზაზე.
ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
01.10.2026.17:08
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პედაგოგის პროფესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლოა და ისინი თავიანთი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს თქვენთან შეხვედრა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა შრომას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი პროფესია გამორჩეულად საჭირო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი არამხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მრავალწლიან შრომას უდიდესი წვლილი მიუძღვის არაერთი თაობის მომავალში.
როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს მთაწმინდის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს ვხვდები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიის ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებას უძღვნით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში ფარგლებში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18 პედაგოგი დააჯილდოვეს. ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.