სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული შემოქმედი, რომლის ცხოვრება დაკავშირებული იყო ქართული სიტყვის, კულტურის, წიგნისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ პაატა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და პროფესიული გზა ათწლეულების განმავლობაში ქართული სიტყვის, წიგნის, ჟურნალისტიკისა და ეროვნული კულტურის სამსახურს უკავშირდებოდა. იგი ერთდროულად იყო ჟურნალისტი და მწერალი, პოეტი და მხატვარი, რედაქტორი და გამომცემელი, დიზაინერი და მკვლევარი, ბიბლიოფილი და ფილატელისტი. ამ მრავალფეროვან საქმიანობას კი ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდა - ქართული კულტურული მეხსიერების შექმნა და დაცვა.
პაატა ნაცვლიშვილის მოღვაწეობიდან ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესახებ, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს ორი ბუმბერაზი პიროვნებაა მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოში საინჟინრო განათლების, ტექნიკური აზროვნებისა და ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან. მის მიერ ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის, რადგან ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი და ტექნიკური აზროვნება, ხოლო გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო, საინჟინრო, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა იმ ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემსახურება.
პაატა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დამსახურებითაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი სახელები კი არა, დიდი ქართული ინტელექტუალური და საინჟინრო ტრადიციის ფუძემდებლები და სათავეებთან მდგომი მეცნიერები არიან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
20.09.2026.15:51
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია, როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.