სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის, სტუ-ის ყოფილი კანცლერის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და მის კოლეგებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონ ირინას მრავალწლიანი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პროფესიული მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებდა, სადაც მან თავისი მასშტაბური ადმინისტრაციული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე. ქალბატონი ირინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კანცლერი იყო, ეს პასუხისმგებლობა მას უნივერსიტეტისათვის უმძიმეს პერიოდში დაეკისრა. 1990-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ხანად იქცა. გაჭირვება, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური სირთულეები და ყოველდღიური ყოფის უმძიმესი პირობები უშუალოდ აისახებოდა უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც. ასეთ ვითარებაში უნივერსიტეტის მართვა განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვდა.
სწორედ ამ ურთულეს წლებში იდგა ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის სათავეებთან. მისი კანცლერად საქმიანობის პერიოდი იყო უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა.
ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩა როგორც პირველი კანცლერი და როგორც ადამიანი, რომელმაც უმძიმეს წლებში საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ირინა ბადაგაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკლისის გამო.
უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.
სხვა სიახლეები
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს - აშშ-ის საელჩო
20.11.2026.16:34
აშშ-ის საელჩო საქართველოში თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიპლომატიური წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.