სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - პროფესორ მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასპორტო საზოგადოებას.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალებით ქართულმა სასპორტო და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ დაკარგა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები ქართული სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს მიუძღვნა - ერთგულად ემსახურა ეროვნულ სპორტს და ღირსეული კვალი დატოვა საუნივერსიტეტო სივრცეში.
მისი გამოცდილება, პროფესიული და ადამიანური ღირსებები, ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი იყო კოლეგებსა და სტუდენტებში, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალა იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული სასპორტო განათლების განვითარებისთვის.
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სასპორტო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.