სტუ-მ გლობალური DUNE კოლაბორაციის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის უმასპინძლა: რექტორთან შეხვედრა, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება, სამეთვალყურეო საბჭოში არჩევა და საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური კვლევის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab) კოორდინაციით მიმდინარე DUNE ექსპერიმენტის („ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტი“ - Deep Underground Neutrino Experiment) ერთ-ერთ ლიდერს, STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორის მენეჯერს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს, რობერტო პეტის (Roberto Petti) შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ საერთაშორისო DUNE კოლაბორაციის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, STT ტრეკული სუბდეტექტორისთვის განკუთვნილი სტროუ მილების წარმოების პროცესი, მათი ტესტირების შედეგები და სუპერმოდულების აწყობის მიმდინარეობა; ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე Fermilab-თან, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან და DUNE კოლაბორაციის წევრ წამყვან კვლევით ცენტრებთან.
როგორც შეხვედრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ექსპერიმენტში. DUNE-ი არის ექსპერიმენტი, რომელიც აერთიანებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკას, თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებას. ამ პროექტში ჩვენი უნივერსიტეტის მონაწილეობა ქართველი მეცნიერების პროფესიონალიზმისა და ქართული სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამოიყენება გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან, განავითაროს ახალი ტექნოლოგიური მიმართულებები და შექმნას მეტი შესაძლებლობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მათ აძლევს უნიკალურ გამოცდილებას და საშუალებას, თავიანთი ცოდნა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრესს მოახმარონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეფექტიანად იყოს ჩართული იმ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში, სადაც მომავლის ტექნოლოგიები იქმნება. ასეთი თანამშრომლობა ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტების წარმატებას, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა რობერტო პეტიმ, საჯარო ლექცია - „(ანტი)ნეიტრინოების ფუნდამენტური ურთიერთქმედებების კვლევა“ გამართა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის დაწყებამდე პროფესორმა რობერტო პეტიმ აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ, რაც უნივერსიტეტის მკვლევრებს შეაქვთ თანამედროვე დეტექტორული ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი შეფასებით, სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის გამოცდილება და საინჟინრო შესაძლებლობები მნიშვნელოვანი რესურსია DUNE ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებისთვის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, სტუ-ის მონაწილეობა DUNE ექსპერიმენტში ეფუძნება უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა მრავალწლიან გამოცდილებას მაღალი ენერგიების ფიზიკისა და დეტექტორული ტექნოლოგიების სფეროში. ქართველმა მკვლევრებმა წლების განმავლობაში იმუშავეს საერთაშორისო ექსპერიმენტებში, მათ შორისაა COMET ექსპერიმენტი, სადაც მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ახალი თაობის სტროუ ტექნოლოგიების განვითარებისთვის. როგორც აღინიშნა, DUNE-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიმართულება - სტროუ მილების წარმოების პროცესის განვითარება, მათი ხარისხის კონტროლი, ტესტირება და სუპერმოდულების აწყობა. ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს როგორც კვლევით, ისე საწარმოო შესაძლებლობებს. სტროუ მილების წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ სიზუსტეს, რადგან აღნიშნული დეტექტორული ელემენტები უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს და დანერგეს შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპონენტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
მეცნიერის განცხადებით, DUNE-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გლობალური ექსპერიმენტია ნეიტრინოების ფიზიკის მიმართულებით, რომელშიც Fermilab-ის კოორდინაციით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები მონაწილეობენ. მისი მიზანია ნეიტრინოების თვისებების სიღრმისეული შესწავლა, მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის მიზეზების კვლევა, ფიზიკის სტანდარტულ მოდელს მიღმა არსებული მოვლენებისა და სამყაროს ფუნდამენტური კანონების შესახებ ახალი ცოდნის მიღება.
პროფესორი რობერტო პეტი შეეხო იმ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც თანამედროვე დეტექტორული სისტემების განვითარებას უკავშირდება; ისაუბრა DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - SAND (System for on-Axis Neutrino Detection) დეტექტორულ სისტემაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორი. მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი. STT სისტემის დანიშნულებაა ნეიტრინოების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი დამუხტული ნაწილაკების ტრაექტორიების მაღალი სიზუსტით აღდგენა, რაც უმნიშვნელოვანესია ექსპერიმენტის სამეცნიერო შედეგების სანდოობისთვის.

ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეცნიერისთვის დაესვათ კითხვები ნეიტრინოების ფიზიკის, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების, თანამედროვე დეტექტორული ტექნოლოგიებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
სტუ-ის ინფორმაციით, ექსპერიმენტული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, DUNE (Deep Underground Neutrino Experiment) საერთაშორისო კოლაბორაციაში გამორჩეული ლიდერული როლისა და აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისადმი განსაკუთრებული ერთგულებისთვის, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს - რობერტო პეტის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა და ამასთან ერთად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად იქნა არჩეული.
სხვა სიახლეები
როგორ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს საკუთარი საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაციის ნახვა
21.07.2026.19:14
„როგორც იცით, ეს რეფორმა 2018 წელს დაიწყო და 2019 წლიდან ვახდენთ შეგროვებას აქტივების. ჩვენი მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელს საქართველოში ვინც კი მუშაობს და ასევე ინდმეწარმეები. როდესაც მუშაობას იწყებ, შენი ხელფასიდან 2% გადმოირიცხება საპენსიო ფონდში, რომელსაც ასევე 2%-ს ამატებს დამსაქმებელი და უმეტეს შემთხვევაში ხელფასის რაღაც დონემდე სახელმწიფო დამატებით წახალისებას ახდენს ამ რეფორმის და დამატებით 2%-ს გჩუქნის. ანუ პირველივე დღიდან, როდესაც მუშაობას იწყებ შენი ეს რომ წარმოვიდგინოთ 100 ლარიდან, 2 ლარი სამაგდება და ხდება 6 ლარი, ეს 6 ლარი მერე მოდის საინვესტიციო სამსახურში, საპენსიო ფონდში და ხდება ამ 6 ლარის ინვესტირება. ამ 6 ლარზე დამატებით ინვესტიციების შედეგად ვიღებთ ამონაგებს, რაც როგორც აღვნიშნეთ რაც ფონდი გაეშვა დაახლოებით 10-11% არის ყოველწლიური მაჩვენებელი და ეს მოგება პროპორციულად ყველა მონაწილეს ვისაც რამდენი დანაზოგი აქვს იმის პროპორციულად უნაწილდება. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ყველა ადამიანს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, რომელიც ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი. შეგიძლია შეხვიდე და ნახო შენ მიერ შეტანილი თანხების მოცულობა, რომელმა დამსაქმებელმა რამდენი თანხა შეიტანა, სახელმწიფომ რამდენი კონტრიბუცია გააკეთა, საინვესტიციო ამონაგები რა იყო და ეს ყველაფერი არის ძალიან ღიად ნაჩვენები. გარდა ამისა, იმის მიხედვით რომელი პორტფელი გაქვს არჩეული ნაჩვენები არის ეს შენი მთლიანი დანაზოგი როგორ არის განაწილებული აქტივების მიხედვით, სად არის, რა პროცენტი არის დეპოზიტებში, რა პროცენტი არის სახაზინო ობლიგაციებში და რა პროცენტი არის აქციებში და ეს არის ძალიან გამჭვირვალე. უბრალოდ ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის რომ ეს არსებობს და შეუძლია რომ ნახონ. გარდა იმისა რომ მობილურში ვხედავთ, მობაილ ბანკში ამ თანხას“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.