სტუდენტებს ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და 300 ლარით განესაზღვრებათ - განათლების მინისტრი
სახელმწიფო სტიპენდიების არსებობის ისტორიაში, პრაქტიკულად პირველად ხდება თანხისა და რაოდენობის გადახედვა იმ სტუდენტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება მაღალია, შრომობენ, არიან კრეატიულები, ნიჭიერები, ხვდებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სტატუსში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მინისტრის თქმით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაორმაგება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.
„სტუდენტებს ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და 300 ლარით განესაზღვრებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე პროგრამით სარგებლობდა 2 500 ჩვენი წარჩინებული სტუდენტი, დღეს უკვე გაორმაგებული თანხის პირობებში ისარგებლებს 5 000 სტუდენტი. რეალურად, როგორც რაოდენობაში, ისე თანხაში გვაქვს ორმაგი მატება. ბუნებრივია, ეს არის და იქნება მიმართულება, რომელსაც მთავრობასთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად დაუჭერს მხარს მომავალი თაობების, წარჩინებული სტუდენტების მხარდასაჭერად. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოჰყვება სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების პაკეტი“, – აღნიშნა მინისტრმა.
სტიპენტიების ზრდა, ისევ როგორც ადრე, ამჯერადაც მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხებათ.
„აქამდეც ეს პროგრამა ეხებოდა იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, სტიპენდიები შეეხება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს. ამის თაობაზე მოგვიანებით სამინისტრო ჩემს ბრძანებას გამოაქვეყნებს, სადაც გაწერილია ქულათა შკალები, რა ქულის შემთხვევაში მიენიჭება სტუდენტს სტიპენდია. გარდა აკადემიური მოსწრებისა, სტიპენდიის მინიჭების წესში ასევე განისაზღვრება სტუდენტების სოციალური პირობებიც. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. სტუდენტი შეიძლება იყოს დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან, სოციალურად დაუცველი. ამიტომ, ეს დამატებითი კომპონენტებია, რომლებიც აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მათ ეგრეთ წოდებულ, დამატებით ქულებს ანიჭებთ და მეტი პრიორიტეტი მიენიჭებათ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.