სურსათის 5 ნიმუშში აკრძალული საღებავები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა:
შპს „ლაგოს" მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი" სენაკი, რუსთაველის ქ. N180 - დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა;
დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: შპს ცენტრალური ბაზარი , სენაკი, რუსთაველის ქ. N180;
შპს „ლაგოს" მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (წმინდად დაფქული, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა 1 წელი) აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს ლუკა, ქ. ფოთი, ფარნავაზ მეფის N1, (აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორი) ფიზიკურ პირი მზია ზუხბაია;
ინდივიდუალურ მეწარმე ზეინაბ გორაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 10/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: 6 თვე) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4;
ინდივიდუალურ მეწარმე ხვიჩა შავაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 12/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, თავისუფლების ქ. N19. აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან.
სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.