სეს-მა ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“. აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.
შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სხვა სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადების საკითხზე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა
11.09.2026.16:44
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საბაზისო-თემატური გეგმა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დოკუმენტზე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ მუშაობს.
მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგარ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, სამტრედიის საკრებულოს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, საპროექტო ჯგუფთან ერთად გეგმარებითი არეალიც დაათვალიერეს.