სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.
როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფიგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას.
„სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.
გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
- საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
- საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას.
საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.
დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.