თანხმობა მიწის ნაკვეთების დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე გაიცა - კახა კალაძე
თბილისის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისცა თანხმობა, დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოახდინოს მიწების რეგისტრაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები შეეხება ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის და წყნეთის სისტემურ არეალებში შემავალ მიწებს.
კახა კალაძის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაწყებული სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
„მინდა, შევეხო ერთ მნიშნელოვან საკითხს, როგორიც არის მიწების სისტემური რეგისტრაცია. ეს იყო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა ბევრი თბილისელისთვის, რომლებიც ფლობდნენ მიწებს და ვერ ახერხებდნენ მის დარეგისტრირებას. ათი ათასობით ასეთი ოჯახი იყო დედაქალაქში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა მიწის სისტემური რეგისტრაციები, მაგრამ თბილისი იყო გამონაკლისი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და 2023 წელს გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიეცა თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი.
„პროექტის დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ შეგვეძინა შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა, რაც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად. პროექტის ფარგლებში შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს. დღეის მდგომარეობით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მივეცით თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. მიხარია, რომ კიდევ უამრავ ოჯახს გავაბედნიერებთ და გავახარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.