თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების ძირითად გამოწვევებსა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას ბუნების დაცვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიური ეკო-ჩვევების მნიშვნელობას, როგორიცაა რესურსების დაზოგვა, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღის არსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებზე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას და მათი ჩართულობის გაზრდას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღად მიიჩნევა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე და ადამიანების მოტივირება, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბუნებასა და გარემოს. წლევანდელი სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.