თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,თბილისის აეროპორტი", დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა (წონა: 304 გრამი) და ვერცხლის (წონა: 551 გრამი) ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 139 694 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი ორი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით - 5389 ლარით დაჯარიმდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
24.07.2026.13:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.
„ვუსამძიმრებთ ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ქალბატონ ეკა ღუნაშვილს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუნდობლად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს.
არის ტკივილი, რომლის შემსუბუქება შეუძლებელია; არის დანაკლისი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ანაზღაურებს - მაშინ როცა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დაუნდობლად წყდება, როცა მისთვის მხოლოდ ჩვიდმეტი გაზაფხულია გავლილი და წინ იმედებითა და შესაძლებლობებით აღსავსე მთელი ცხოვრებაა.
სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, რომლის დაცვაც საზოგადოების თითოეული წევრის უპირობო ვალდებულებაა. მისი ხელყოფა ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის გულსა და ცნობიერებაში. ასეთ დროს გლოვობს არა მხოლოდ ოჯახი - გლოვობს მთელი ქვეყანა, რადგან თითოეული ახალგაზრდა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი საერთო იმედი და პასუხისმგებლობაა. ყოველი მსგავსი ტრაგედია ძალუმად შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფას უპირობოდ მოჰყვეს დამნაშავეების მთელი სიმკაცრით დასჯა - სწორედ ამ განცდის ურყევობა ქმნის უსაფრთხო გარემოს ჩვენი შვილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იზიარებს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის უსაზღვრო ტკივილს. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით, ვლოცულობთ ნიკოლოზის ნათელი სულისთვის და მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ვუსურვებთ სიმტკიცესა და გამძლეობას ამ ენით აღუწერელი განსაცდელის გადასატანად.