„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს
„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.
„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.
„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.
სხვა სიახლეები
მივესალმებით და ინტერესით ველოდებით სებ-ის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს - ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელი
08.07.2026.12:47
მისასალმებელი და თვალშისაცემია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასე სწრაფად განვითარება, განსაკუთრებით ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის მიმართულებით, - ამის შესახებ ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელმა ადრიან პეტრეანუმ სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები" საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.
„მინდა მივულოცო საქართველოს ეროვნულ ბანკს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორიცაა საქართველოში ICE ინდექსების გამოქვეყნება და მასში ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინტეგრაცია. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აქტივების მმართველები, აქტიურად ვართ ჩართულები ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მივესალმებით და ინტერესით ველოდებით ეროვნული ბანკის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას კიდევ უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს", - აღნიშნა ადრიან პეტრეანუმ.
სებ-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.