თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას - „ სიცოცხლის ხე“ უმასპინძლებს
20 მაისს, 18:00 საათზე მრავალწლიანი ისტორიის , ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთული უნიკალური სივრცე - თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა „ სიცოცხლის ხე“ იხსნება.
ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე, პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს.მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ.
20 მაისს დაგეგმილი გამოფენის სახელწოდება - „სიცოცხლის ხე“, მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ტილოდან მოდის, რაც მის შემოქმედებას ერთგვარ ლაიტმოტივად თან სდევს. ამ სახელოწოდების ნამუშევარი 2022 წელს შეიქმნა კომპანია PSP-სთვის. ამ ნამუშევრის მიხედვით კამპანია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა PSP-ს ქსელში წარმოდგენილი ნამუშევრის ვიზუალითა და მანათობელი ინსტალაციებით, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
საღამოს ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მოსულ სტუმრებს ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალებს გააცნობს.
ღონისძიებაზე მხატვარი 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს წარადგენს. ასევე დაგეგმილია ახალი პროექტის საანონსო პრეზენტაცია, რომელიც მარკეტოლოგ ნინო იოსელიანსა და ზურა გომელაურს შორის შეთანხმებული ტანდემით განხორციელდება.
გამოფენის იდეა, მხატვრის გულშემატკივრებს, მის ახლო მეგობრებს შორის დაიგეგმა და „მეიდან ჯგუფის „ მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საორგანიზაციო მუხტიც შეიკრა.
ანა ჩანგიანი
ნინო იოსელიანი
ეკა ხიდაშელი
..... ჩვენს შორის არიან გამორჩეულად ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნიან და საკუთარი შემოქმედებით ქვეყნის საგანძურს ქმნიან. მათთვის საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.